დავით მათიკაშვილი სტუდენტებს შეხვდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა ისტორიულ ჭრილში, საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში განვითარებული პოლიტიკურ პროცესებსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პარლამენტში ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა სტუდენტებთან. ჩვენი სასაუბრო თემა იყო საქართველოს და ევროპის ურთიერთკავშირი, ის გამოწვევები, რომლებიც დღეს არსებობს ძალიან მნიშვნელოვან გზაზე და ის შედეგები და გამარჯვება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.