რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება პოლიტოლოგმა, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
“მინდა, საქართველოს ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მივულოცო. ეს ისტორიული მოვლენაა. ამ დღისკენ საქართველო თავის 30-წლიანი სახელმწიფოებრივი განვითარების დღიდან ისწრაფვოდა, როცა დამოუკიდებლობა აღადგინა. ქვეყანამ მძიმე, ურთულესი პერიოდი გაიარა: სამოქალაქო ომი, სამხედრო აგრესია, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ავტორიტარული რეჟიმის მმართველობა. ახლა ეს დღეც დადგა, როცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა. მოგეხსენებათ, 1992 წლის შემდეგ, რაც ევროპის ეკონომიკური კავშირი ევროგაერთიანებად გარდაიქმნა და, ფაქტობრივად, ზესახელმწიფოებრივი, სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, მე ვიტყოდი, ახალი ტიპის კონფედერაციული ევროპული სახელმწიფო შეიქმნა, ევროკავშირმა გაფართოების 4 პროცესი გაიარა. დღეს ევროკავშირში 27 სახელმწიფოა. იმედია, 2030 წლისთვის ევროკავშირის შემადგენლობას კიდევ 4 სახელმწიფო, მათ შორის, საქართველოც დაემატება და სრულუფლებიანი, ევროპული იდენტობის, პოლიტიკური სტატუსის მქონე სახელმწიფო გავხდებით.
ევროკავშირის წევრობა, პირველ ყოვლისა, არის დემოკრატიული უსაფრთხოების განმტკიცება, ევროპული იდენტობის სრული დაფიქსირება, ჩვენთვის ტრადიციული ფასეულობების სრული დაცვის გარანტიის მოცემა, საგარეო აგრესიული მტრებისგან საქართველოს დაცულობა, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის პირობების მიღწევა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დარჩენილი 9 რეკომენდაცია, რომელიც ევროგაერთიანების ხელმძღვანელობამ დაგვისახა, მოკლე პერიოდში სრულმასშტაბიანად შესრულდეს. ახალმა პარლამენტმა, რომელიც მომავალი წლის ოქტომბერში აირჩევა, უნდა შეძლოს, საქართველო ჯერ მოლაპარაკების დაწყების პროცესამდე მიიყვანოს, შემდეგ კი 2030 წლისთვის საქართველოს მიეცეს საშუალება, ევროკავშირის წევრი 28-ე სახელმწიფო გახდეს”, – განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, ევროსკეპტიკოსები გარკვეულ მითებს ავრცელებენ, რაც კრემლის მიერ დაკვეთილი საინფორმაციო ომის მიმართულებაა.
“მინდა, ევროსკეპტიკოსებს მივმართო, რომლებსაც, თურმე, საქართველოს ევროპული “კოლონიზაციის” ბედი აწუხებთ, ეს არის სრული მითები, აგონია, ეს არის კრემლის მიერ დაკვეთილი პროპაგანდისტული, ე.წ. “ფეიკნიუსების”, დეზინფორმაციის სახით წარმოჩენილი, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც დღეს რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. ბუნებრივია, ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატს თავისი ფინანსურ-ეკონომიკური იდენტიფიკაცია გააჩნია. საქართველო, დაახლოებით, 400 მილიონამდე სავარაუდო გრანტს მიიღებს, თუ, რა თქმა უნდა, საგრანტო პროექტების შემუშავებას, წარმოჩენას სწორად მოვახდენთ, არა მხოლოდ იგივე სახელისუფლებო დონეზე, არამედ ეს იქნება არასამთავრობო, მედია, აკადემიური სფეროს მიმართულებითაც. ბუნებრივია, ეს ჩვენი ევროგაერთიანების წევრობისთვის მომზადება იქნება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან წევრობისთვის საქართველოს სრულფასოვანი მომზადებაა. ევროკავშირის ვალდებულებაა, საქართველო წევრობისთვის მოამზადოს. ევროკავშირი გვეხმარება და ვალდებულებას იღებს. ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ვალდებულების შესრულებასთან ერთად ევროკავშირმაც აიღო ვალდებულება, რომ საქართველო წევრობისთვის მოამზადოს. ფინანსური გრანტების გარდა, ეს არის ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების სტიმული, იგივე სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, სხვა საფრთხეებთან ბრძოლის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, ასევე, აკადემიური მიმართულებების გაღრმავება, ევროპული უმაღლესი, ზოგადი განათლების პრინციპების დანერგვა, ევროპული ოჯახის წევრობა ასევე მედიაპლურალიზმის განვითარებისთვის ძლიერი კომპონენტი იქნება.
რაც შეეხება იმას, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი, საჭიროა 9 რეკომენდაციის სრულმასშტაბიანი შესრულება, რათა უკვე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების დონეზე გადავიდეთ. ეს ევროკავშირის წევრობამდე ერთ-ერთი გარდამავალი ეტაპია”, – განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო.