აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ქუთაისში გამართულ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, მინისტრმა დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურის, სოციალური კეთილდღეობის, სამოქალაქო სერვისებისა და დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.
„აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მოგვარება მცირე დროში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი არის, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, შევძლოთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი კრიტიკული საკითხების მოგვარება.
მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის. სწორედ ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვხვდებით სხვადასხვა რეგიონების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს.
შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენმა აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქემ იცოდეს შედეგები, რაც მათთან კომუნიკაციას მოჰყვა.
სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, რეგიონებში, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის წარგვედგინა ის პროექტები, რომლებიც სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის მიზნით განახორციელა.