საქართველოს პარლამენტში ჟვანიას სკოლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს უმასპინძლეს
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამის ,,ეთნიკური უმცირესობების წამომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ 30-მდე კურსდამთავრებულს უმასპინძლეს. ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ჟვანიას სკოლა” ავრცელებს.
მათივე ცნობით, კურსდამთავრებულებს, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ პარლამენტის მუშაობას, დაესწრნენ პლენარულ სხდომას.
,,ეთნიკური უმცირესობების წამომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ჟვანიას სკოლის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომლის მიზანსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარების განვითარება წარმოადგენს. მასში ახალგაზრდები ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთნენ.
სატრენინგო პროცესთან ერთად მონაწილეებისთვის მოეწყო როგორც შემეცნებით-საგანმანათლებლო, ასევე სოციალური აქტივობები. ახალგაზრდებმა განივითარეს სწრაფი ადაპტაციისა და ქართულ ენაზე კომუნიკაციის უნარები, მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისებსა და განათლების მიღების შესაძლებლობებზე, თავიანთ უფლებებზე, დაცულობასა და მულტიკულტურიზმზე.