ანაგის წმინდა ბარბარეს ეკლესია კვლავ მხარგაშლით ეგებება მრევლს
წმინდა ბარბარეს სახელზე აგებული ათობით ეკლესია ამკობს საქართველოს ამერ-იმერს, დღეს უამრავი სტუმარი ეყოლება ამ კურთხეულ ტაძრებს. ჩემთვის განსაკუთრებული სულიერი ნეტარებაა, მოვიხილო და ვილოცო სოფელ ანაგის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში, რომელიც მე იავარქმნილი მახსოვდა ჩემი ბავშვობიდან. აქ კი, თურმე ბოლო 12 წელიწადია, ძველი დიდების ნეშტი აღორძინებულა მრევლისა და საეკლესიო მოძღვრების რუდუნებით.
50 წლის წინანდელ ამბებთან მივყავარ ამ ეკლესიას, როცა ის ლამის ნანგრევებად იყო ქცეული.მახსოვს, ეკლესიის შუაგულიდან ვეება აკაკის ხე ამომართულიყო და თითქოს მძლავრი ფესვებით მცველად გადაჰფარებოდა ქვის დარღვეულ კედლებს… სავალალო და გულგანგმირავი იყო იმხანად მისი ამ მდგომარეობაში ხილვა…
ბებიაჩემი მარიამ მღვდლიაშვილი ძველი ქართველი ქალი გახლდათ, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს იყო დაბადებული, კომუნისტურმა რეჟიმმა, ახალგაზრდობის წლებიდან მოყოლებული, მთელი მისი ცხოვრება გაამწარა და ისე გარდავიდა ამ სოფლიდან 90 წელს გადაცილებული, რომ ვერ მოესწრო მათ გადაშენებას. 1924 წელს დახვრეტილი ძმების – ნიკას და ჟორჟიკას ამოძახება იყო მისი ბოლო სიტყვები: თქვენ გხედავთ, თქვენთან მოვდივარ, რა ბედნიერი ვარო!..
იმხანად ასე აშკარად ტაძრებში სიარულს ბევრი ერიდებოდა, ბებიაჩემი კი სანთელებს მუდამ ქნიდა სახლში და გულმოდგინედ ემზადებოდა მათ წასაღებად ჩვენი სოფლის, კარდენახის ნანგრევებად ქცეულ წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის ფუძეზე. 21 ნოემბერი კი მისთვის სრულიად განსაკუთრებული დღე იყო – მთავარანგელოზობა მეზობელ სოფელ ანაგაში. შვილი არ რჩებოდა თურმე, ერთხელაც ძილში გამოცხადებია თეთრად მოსილი ანგელოზი, რომელსაც უთქვამს, ანაგის მთავარანგელოზი ელოცა და პირმშორთვის მიხეილი დაერქმია. ცხრა თვის თავზე დაბადებულ ბიჭს ეს სახელი დაანათლეს და ამიტომაც ჰქონდა გამორჩეული დამოკიდებულება ამ ეკლესიის მიმართ…
გამოიძახებდა ჩვენი ოჯახის ნათელ-მირონს ივანე მინდიაშვილს, მამაჩემის ნათლიას, ვისაც თეთრი „ვოლგა” ჰყავდა, ჩაგვსხამდა ხუთივე შვილიშვილს და გაგვიყენებდა მთავარანგელოზის გზას. მივიდოდით, ტაძარში, დაგვაყენებდა წმინდა მიქაელის ხატის წინ, სანთლებს ჩაგვიდებდა ხელში და ჩვენც ხალისით ვუკიდებდით ცეცხლს ბებიის მიერ ანთებული კელაპტრებიდან ჩვენთვის ნაბოძებ სანთლებს…
ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი
მერე ისევ ჩავსხდებოდით ივანე ნათლიას „ვოლგაში“ და დავუყვებოდით ტყით შეფოთლილ გზას ქვევით, სოფელ ანაგის ცენტრისკენ. ჩამოვუვლიდით სკოლას და იქვე, ცოტა ზემოთ, აუხვევდა მანქანა, იქ არავის ჭაჭანება არ იყო, ეს გახლდათ მე-16 საუკუნეში წმინდა ბარბარეს სახელზე აგებული ეკლესიის ნაფუძარი, ქვებით აშენებული და შუაში აკაკის საუკუნოვანი ხით გადაპობილი ციტადელი. აქაც ვანთებდით სანთლებს. მერე ისევ მანქანაში ვიბარგებოდით და ახლა სიღნაღისკენ მიხვეულ-მოხვეული გზებით მივიკვლევდით გზას – ბოდბის წმინდა ნინოს ტაძრისკენ. სიღნაღის ასახვევთან ბებიაჩემი ყურადღებას მიგვაქცევინებდა ერთი მოზრდილი შენობისკენ, ახლა რომ სოფლის კლუბად იწოდებოდა.
ეჰ, ფერისცვალების ეს დიდებული ტაძარი ამ შეჩვენებულებმა როგორ დაარბეს და გააპარტახესო, – სინანულით იტყოდა და გულს თან ამოაყოლებდა, ისე ამოიოხრებდა ხოლმე.
ახლაც ცხადად მიდგას თვალწინ ჩემი ბავშვობის ეს მარშრუტი – ნოემბრის მიწურული…მთავარანგელოზობის დღე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ, წლეულს, ამავე დღეს, იგივე მარშრუტს გავივლიდი და მოვინახულებდი სამივე ეკლესიას. კიდევ უფრო იმან გამაოცა, როცა შევიტყვე, რომ უფლის ეს სამივე სახლი ქვის ერთ ოსტატს, სიღნაღელ ქვით ხუროს გელა ქილიტაურს გაუმშვენებია და ახალი სიცოცხლე უბოძებია.
გელა 50 წლის ქართველი პატრიოტი და პროფესიონალია, ვინც მამისგან დაეუფლა ქვითა და აგურით აშენების საიდუმლოს და აგერ უკვე სამი ათეული წელიწადია, 30-ზე მეტი ტაძრის აშენებასა და გამშვენებაზე უმუშავია და ისეთი საავტორო ნამუშევრები შეუმატებია ჩვენი საეკლესიო არქიტექტურისთვის, რომლითაც თანამედროვენიც ვოცდებით და მომავალი თაობებიც იამაყებენ. ეს გულალალი კაცი დიდად გარჯილი მშენებელი და მშვენიერების განმადიდებელია თავისი მარჯვენით და ნატიფი გემოვნებით. ტაძრების გარდა იგი აშენებს განსაცვიფრებელ კედლებს და ღობეებს კერძო მცხოვრებთათვის, კახეთის რეგიონის ასზე მეტ სახლს არტყია და ატყვია მისი ნიჭიერების ნიშანი. სინატიფე, ზომიერება, რაც არის კახური ყორეებისა და გალავნების დამახასიათებელი, გელა ქილიტაურთან მთელი სისავსითა და ბუნებრიობით ვლინდება. გელა ქილიტაურის პიროვნება და ხელოვნება მეტ ყურადღებას და კვლევას იმსახურებს. მე ვაპირებ მისი ნამუშევრების კიდევ უფრო საფუძვლიანად გაცნობას და იმის კვლევა-აღწერას, თუ რამხელა საგანძურს წარმოადგენს იგი არა მარტო ქიზიყისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის!
ამ მართალ კაცს, ვისაც ასე ეძვირფასება თავისი სამშობლო, უფლის და ადამიანის სიყვარულმა ამდენი რამე შეაძლებინა და ვგრძნობ კიდევ რამოდენა სიხარულის გასამრავლებლად მოავლინა იგი განგებამ?! მთელი საქართველოა მისი საგამოფენო დარბაზი, მისი ნიჭის და ეროვნულობის გამომზეურების საასპარეზო.
ამჯერად კი ანაგის წმინდა ბარბარეს ეკლესიიდან ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ღვთივკურთხეულ დღეს, გელა ქილიტაურის ხელით სრულქმნილი ბაზილიკიდან, რომლის ქვები თავად ღაღადებენ მათი ავტორისა და მშობელი ქვეყნის უნიკალურობას და ამოუწურაობას.
გიორგი ლალიაშვილი