პატრიარქი: კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული – გილოცავთ და გლოცავთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პატრიარქი საქართველოს ულოცავს „გამორჩეულ დღეს“ და აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული.
„დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.
კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
გილოცავთ და გლოცავთ.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.