პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
პარლამენტის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის თანახმად, ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო უნარის დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართულ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.
კანონპროექტით, კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი იქმნება, რაც ბენეფიციარებს ადაპტირებული ნაწარმოებების მათთვის ხელმისაწვდომ ფორმატში მოპოვების შესაძლებლობას მისცემს.
კანონპროექტი პარლამენტმა 78 ხმით მიიღო.