რუსეთი მზად არის, სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის – რკინიგზის
რუსეთი მზად არის, სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების, მათ შორის, რკინიგზის განბლოკვის საქმეში დახმარების გასაგრძელებლად.
ამის შესახებ რუსეთის ვიცეპრემიერმა – ალექსეი ოვერჩუკმა ერევანში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვა სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი განცხადების შესაბამისად ხორციელდება, ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცეპრემიერი ხელმძღვანელობს.
“პირველ ყოვლისა, საუბარია სარკინიგზო მიმოსვლის განბლოკვაზე. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს სამუშაო, რუსეთის ფედერაცია შუამავლის როლში გამოდის. თუ მხარეები მზად არიან, გააგრძელონ ეს სამუშაო, ჩვენც მზად ვართ, ამაში მონაწილეობა მივიღოთ“, – თქვა მან.
ოვერჩუკის თქმით, დადებითი ის არის, რომ მხარეები ერთმანეთთან უშუალოდ იწყებენ მუშაობას.