ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთგვარი, ბუნებრივი სლოგანია – ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, გვინდა, ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ
ჩვენი ერთგვარი, ბუნებრივი სლოგანია – ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. ჩვენ გვინდა, ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ჩვენი ერთგვარი, ბუნებრივი სლოგანია – ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. ჩვენ გვინდა, ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. ვინმეს თუ სხვაგვარად წარმოუდგენია ეს პროცესი, წარმოუდგენია ისე, რომ ცალ ფეხზე დაგვაყენებენ და წაგვაქცევენ, ნაცვლად იმისა, რომ, საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეს ასე არ იქნება.
თქვენ გახსოვთ, ვინ ითხოვდა ცალ ფეხზე დგომას, კონკრეტული ადამიანი, რომელიც გამოხატავს მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობას“ საქართველოში. გიორგი ბურჯანაძემ გაახმოვანა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და მათი პატრონების გზავნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავდგებოდით ცალ ფეხზე, რადგან, როგორც კი დადგები ცალ ფეხზე, ძალიან მარტივად წაგაქცევენ და ეს იყო ამ ადამიანების მიზანი და სურვილი. ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა დამსახურებული წარმატების მიღწევა. ჩვენ დავდექით ორ ფეხზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასე გავაგრძელებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის წარმატებისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ამოცანა, მხოლოდ ღირსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.