დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სასწავლო საგნის „ქართველები საზღვარგარეთ” შესახებ ინფორმაცია მოისმინა
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დიასპორული დისციპლინის – „ქართველები საზღვარგარეთ” შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პარლამენტის ცნობით, ინფორმაცია დეპუტატებს დიასპორის მკვლევარმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა გააცნო.
მომხსენებლის თქმით, საგანი „ქართველები საზღვარგარეთ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2019 წლიდან ისწავლება. კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ეთნიკურ ქართველთა განსახლების არეალი საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური საზღვრების მიღმა თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
როზეტა გუჯეჯიანის ინფორმაციით, 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიასპორის კვლევის სამეცნიერო ცენტრი დაფუძნდა. ცენტრის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები დიასპორისა და მიგრაციის მკვლევრები, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო დაწესებულებებიდან. მისივე თქმით, ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტთან.
„უნივერსიტეტში არსებობს მზაობა, ჩავერთოთ დიასპორული პოლიტიკის შემუშავების საკითხებში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ დიასპორული კვლევების განვითარებაში”, – განაცხადა როზეტა გუჯეჯიანმა.
სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე უძღვებოდა. დეპუტატმა დიასპორული კვლევების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.
სხდომას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები თურქეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან.