მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის იყოს კანდიდატის სტატუსი მინიჭებული
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის იყოს კანდიდატის სტატუსი მინიჭებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ ევროკავშირის წევრებს შორის კონსენსუსი იქნება მიღწეული.
“ვიქტორ ორბანს საკუთარი პოზიცია არ დაუფარავს, რომ მათ კითხვები აქვთ უკრაინის მზაობასთან დაკავშირებით, რამდენად არიან მზად, რომ მოლაპარაკებები დაიწყონ ევროკავშირში გაწევრებისთვის. გვესმის მხოლოდ ის, რაც ხმამაღლა ჟღერდება უნგრეთის მხრიდან, თუმცა, კულუარებში სხვადასხვა წევრი სახელმწიფოები აყენებენ სხვადასხვა საკითხს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის იყოს კანდიდატის სტატუსი მინიჭებული და არ აღმოჩნდეს საქართველო რამენაირად სხვა საკითხების დაბლოკვის მსხვერპლი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ქვეყნების გამოცალკევება მოხდეს ამ პაკეტისგან და მოველით, რომ ევროკავშირის წევრებს შორის კონსენსუსი იქნება მიღწეული. შეუძლებელია, რომ ამ პროცესში ერთ ქვეყანასთან დაკავშირებულმა პოზიციებმა სხვა ქვეყნებისთვის პროგრესის შეფერხება გამოიწვიოს. ეს ასე არ უნდა მოხდეს. ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს თავისი ორმხრივი პრობლემები ზოგიერთ წევრ სახელმწიფოსთან, რომელიც ითხოვს გადაჭრას იმისთვის, რომ მათ პროგრესი ჰქონდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს დღეს გამოწვევა არ აქვს და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული პოზიციების გამო ის არ უნდა დაიჩაგროს. ზოგადად, უკრაინის თემა სამომავლოდ ალბათ იქნება ის ერთ-ერთი პრობლემური თემა გაფართოების პაკეტში, რომელზეც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ძალიან ბევრი მსჯელობა მოუწევთ და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორბანის და უნგრეთის პოზიცია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.