გიორგი ჩაკვეტაძე დეპუტატებთან ერთად თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, ქეთევან ჩარკვიანთან და სოზარ სუბართან ერთად, ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის № 94 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობაზე და პოლიტიკურ პროცესებში საკანონმდებლო ორგანოს როლზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
პარლამენტის წევრებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს