აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე მეორე ზეპირი მოსმენა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)” – მეორე ზეპირი მოსმენა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა ამჯერად სოფლის მეურნეობის სააგენტოს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში”, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა, თემა კომპლექსურია და ეს უკვე გამოიკვეთა როგორც მოკვლევის ფარგლებში აგრარული სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებით, ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საკითხის განხილვისას. მისი თქმით, ბოლო წლებში დაკრედიტების ზრდის მიუხედავად, ფერმერებს მაინც აწუხებთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

შესაბამისად, თემატური მოკვლევის მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება ფერმერთა საჭიროებები, პრობლემების გადასაჭრელად შემუშავდეს რეკომენდაციები.

თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები