იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილება განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილება ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

კანონპროექტის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ ხანმოკლე ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ბრალდებულს შეუზღუდოს ხანმოკლე ან/და ხანგრძლივი პაემნის,  მიმოწერისა ან/და სატელეფონო საუბრის უფლება.  აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს არაუმეტეს 2 თვით, ნაცვლად 90 დღისა, როგორც ეს განსაზღვრული იყო კანონპროექტის პირველად ვერსიაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება დაწესებული შეზღუდვა განაახლონ.

იმ შემთხვევაში, თუ აღარ იარსებებს ასეთი შეზღუდვების ლეგიტიმური საფუძვლები 2 თვეზე უფრო ადრე ვადაში, მაშინ პროკურორი ვალდებული იქნება გააუქმოს თავისი ან გამომძიებლის დადგენილება, ხოლო გამომძიებელი ვალდებული იქნება გააუქმოს თავისი დადგენილება.

კანონპროექტით, თუ ბრალდებული ჩათვლის, რომ  არ არსებობს მის მიმართ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისი საფუძველი, მას უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს  და მოითხოვოს  აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება.

„ეს საკითხები, ასევე, შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში. შესაბამისად,  რისკი, რომ შესაძლო თვითნებობა  გამოირიცხოს მაქსიმალურად დაზღვეულია. პროკურორის დადგენილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში,  ხოლო ზემდგომი პროკურორის დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში შესაძლებელია გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. ასევე,  სასამართლოს ექნება 5 – დღიანი განხილვის ვადა აღნიშნული საჩივრის შემთხვევაში”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები