დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტების შესახებ იმსჯელა.

პარლამენტის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილების პროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დოკუმენტი მუხლობრივად წარადგინა. პროექტის თანახმადაც, 2026 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება განისაზღვრება არა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობის შესაბამისად, არამედ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

კანონპროექტის შესაბამისად, თუ აღნიშნული წესით მიღებული თანხის მოცულობა წინა წლის დაფინანსებაზე ნაკლები იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დარჩება წინა წლის მაჩვენებელზე.

კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში”.

სხდომაზე პარლამენტის წევრმა გიორგი ხახუბიამ მეორე მოსმენით განსახილველად მუხლობრივად წარადგინა კანონპროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე პაკეტი: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

პროექტის თანახმად, წესდება საკონტეინერო მოსაკრებელი, რომელიც თავის მხრივ, გავრცელდება საქონლის გადამზიდავზე, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში იქნება საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან გასატანი სატვირთო კონტეინერი.

პროექტში ასევე განისაზღვრა რა შემთხვევაში შეიძლება პირი აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა კომიტეტს მეორე მოსმენით წარუდგინა კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული და ასახულია წარმოდგენილ რედაქციაში.

კანონპროექტის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელ პირად განისაზღვრება მხოლოდ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომლის მიერ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები შესრულდება მაღალი ხარისხით, ერთიანი სტანდარტების გათვალისწინებით.

კანონპროექტის მიღებით, ასევე, დაზუსტდება შენობა-ნაგებობებსა და მათ ერთეულებზე რეგისტრაციის წესი, მშენებარე და აშენებულ უძრავ ნივთებზე უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ასევე, იმ ვალდებულებათა სახეები, რომლებიც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები