აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის რთვლის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი სხდომაზე სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ წარადგინა.
მისი თქმით, მეღვინეობა-მევენახეობის დარგი ქვეყნისთვის სტრატეგიულია და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველთვის იგრძნობა როგორც მოსახლეობისგან, ასევე მთავრობისა და პარლამენტისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დარგის განვითარებისა და წინსვლისათვის. ღვინის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამების მიხედვით მოქმედებს. ამ ეტაპზე გვაქვს ექვსი პროგრამა: რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებები; მევენახეობის განვითარების ღონისძიებები; ღვინის ლაბორატორიული კვლევა; ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია; ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები და ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარებისა და დაცვის ხელშეწყობის ღონისძიებები”, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს თითოეული პროგრამის მიხედვით სააგენტოს აქტივობა გააცნო და იმ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს მიაღწია.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2022 წელი ზოგადად მეღვინეობა-მევენახეობის დარგისთვის გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტმა იკლო რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე. წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა და ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია გაგრძელდა. შედეგად, 2022 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყანაში, ექსპორტირებული იყო 104 მილიონ ლიტრამდე, 252,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 5,5%-ით, ხოლო რაოდენობა – 30%-მდე, ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების წილი კი მთლიან ექსპორტში 4,5%-ია.
ლევან მეხუზლამ კომიტეტის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რთვლის შესახებ და აღნიშნა, რომ წლევანდელი რთვლის ფარგლებში საქართველოში მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221,2 ათას ტონამდე ყურძენი, მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი 303 მილიონ ლარს აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რთველი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩატარდა.