სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა დამასკოში ალ-მუჰაჯირინის სასახლეში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – ინალ არძინბა მიიღო.
ასადი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გააფართოოს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია “აფხაზეთსა და სირიას შორის განათლების, სტუდენტების გაცვლის, სამეცნიერო თანამშრომლობის, კულტურისა და სპორტის სფეროში ურთიერთობის გაძლიერება”.
ცალკე აღინიშნა “ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურობა, რომლებიც ცდილობენ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში მთელს მსოფლიოში”.
ასევე, ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია “აფხაზეთსა და სირიისთვის ერთობლივი მსხვილი საინფორმაციო პროექტების განხორციელება, რათა გავრცელდეს მრავალპოლარული და გლობალური უმრავლესობის იდეები მთელ მსოფლიოში”.
ასადმა დასძინა, რომ “მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა აფხაზეთისა და სირიის ეკონომიკის განვითარებისთვის”.
თავის მხრივ, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ “აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ცდილობს ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნას და აქტიურად მუშაობს ინვესტორებთან”.
ასადმა ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალ წელს სტუმრობის მიწვევა მიიღო.