ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს.
გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ.
გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.
ინფორმაციისთვის, სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ და გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ და მის რეკომენდაციას, მოუთმენლად ელოდება ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამასთან, გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.