თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, 15 დეკემბერს ყველანი ერთად, განურჩევლად სტატუსისა, წარმომავლობისა, პარტიული მანდატისა და პარტიული ფერისა, ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებას

იმედი მაქვს, 15 დეკემბერს ყველანი ერთად, განურჩევლად სტატუსისა, წარმომავლობისა, პარტიული მანდატისა და პარტიული ფერისა, ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებას, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაწბილებულები იქნებიან.

მისი თქმით, პრეზიდენტი გაწბილებული იქნება, რადგან მან ევროკავშირისკენ სავალ გზაზე მოისხა მანტია, რომ ეხმარება ქართველებს და სინამდვილეში ბევრი დაბრკოლება შექმნა.

„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, ჩიტობანა მერე ვნახოთ. ქალბატონი პრეზიდენტი, მე მგონი გაწბილებული იქნება, იმიტომ, რომ მან ევროკავშირისკენ სავალ გზაზე მოისხა მანტია, რომ ეხმარება ქართველებს და სინამდვილეში ბევრი დაბრკოლება შექმნა. პირდაპირ იძახდა, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ გვეკუთვნის, რაც პრეზიდენტისთვის დაუშვებელია. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვათ – ეს ღალატის ტოლფასია საკუთარი ერის წინაშე. ასევე, მან ძალიან ბევრ დიდ ევროპულ ქვეყანაში ჩვენს ელჩებს შეუქმნა საქმიანობაში პრობლემები, იმიტომ, რომ როდესაც საქართველოს ელჩი ინსტრუქციის ფარგლებში ქართველმა ერმა რაც დაავალა, იმ მესიჯებს აჟღერებს, და ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი ამის საპირისპირო განცხადებას აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს თავდაყირა აყენებს ელჩის საქმიანობას. ჩვენს ელჩებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.

და გაწბილებული იქნება ალბათ, თუკი მათ ნამუსი შერჩენიათ, ყველა ის ოპოზიციონერი, რომელიც ოპოზიციაში ედგა არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხელს უშლიდა მას წარმატების გზაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები