პაველ ჰერჩინსკი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში, 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას

გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნით მიღებაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირში ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას და კონსენსუსს, ერთიანობა არც ისე მარტივია, ეს არის ძალიან მაღალი თამასა.

„რამდენიმე დღეში, უფრო სწორად რამდენიმე საათში ჩვენ გვექნება ისტორიული შეხვედრა ბრიუსელში – ევროკავშირის 27 ლიდერი, პრემიერი, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას გაფართოებაზე, მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ ძალიან ცალსახად გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, რომ წაიწიონ წინ და მოახდინონ პაკეტების ადაპტირება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით უკრაინა-მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან ძალიან მჭიდროდ ევროპული კომისიის რეკომენდაციას. როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირში ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას, კონსენსუსს, ერთიანობა, ამ შემთხვევაში, გულისხმობს იმას, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა განაცხადოს თანხმობა. ერთიანობა არც ისე მარტივია, ეს არის ძალიან მაღალი თამასა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი მოგვიტანს სასარგებლო შედეგებს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში 27 წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას.

ქალბატონო პრეზიდენტი, 8 ნოემბერს თქვენ დაიწყეთ ხელმოწერების შეგროვების ინიციატივა – ეს არის ერთ-ერთი იმ ინიციატივთაგანი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მომავალს და მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ ყველანი იღებთ სხვადასხვა ფორმით ამაში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. თქვენი ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს, ასევე, გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში.

ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნება, მივიღო ეს ხელმოწერები და გადავუგზავნო ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს, რომელიც ჩაატარებს ისტორიულ შეხვედრას. დაიწყება ხვალ, დილის 10 საათზე. მეც ვუერთდები პრეზიდენტის განცხადებას, მოდი, იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცემა აღნიშვნის შესაძლებლობა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები