მიხეილ სარჯველაძე: თუ გრიგორიადისი პოლიციელისთვის საფრთხის შექმნას ამართლებს, ამის შემდეგ მისი განცხადება ციხეებში ანტისანიტარიაზე, არავისთვის დიდად საყურადღებოდ არ გამოიყურება

“თუ გრიგორიადისი პოლიციელისთვის საფრთხის შექმნას ამართლებს და ცინიკური დამოკიდებულების გამოვლენასაც ბედავს, ამის შემდეგ მისი განცხადება ციხეებში ანტისანიტარიაზე, არავისთვის დიდად საყურადღებოდ არ გამოიყურება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უამრავი წყარო არსებობს, რომელშიც ზუსტი ინფორმაციაა ციხეებში არსებულ ვითარებაზე.

„ოპოზიციიდან წარმომადგენლები ან არასამთავრობო სექტორიდან ადამიანები ხშირად რომ აპელირებდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე გარკვეულ საკითხებზე და ცდილობდნენ კითხვის ნიშნები გაეჩინათ, მგონი, ყველასთვის ცხადი გახდა ყველაფერი – ამიერიდან შეგვიძლია, უფრო მარტივად ვისაუბროთ და გავაკეთოთ დასკვნები ამ საკითხის ირგვლივ. ახლა საკითხი პრაქტიკულად რჩება მხოლოდ ის, თუ ვის მოსწონს ადამიანებისთვის, პოლიციელებისთვის სიცოცხლის საფრთხის შექმნის გზით პროტესტის გამოხატვა, ვის მიაჩნია, რომ პროტესტის გამოხატვით გაამართლო სხვა ადამიანებისთვის სასიკვდილო საფრთხის შექმნა, ვის მიაჩნია, რომ ეს სწორია. ვისაც მიაჩნია, რომ ეს არის საქართველოსთვის ევროპული გზა, როცა პოლიციელებს თავს ესხმი და სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს ქმნი, ეს არის უმძიმესი იარლიყი, არ მგონია, ამის შემდეგ აზრი ჰქონდეს მაამებლური განცხადებების კეთებას თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებით, რადგან მე არ მგონია, რომ პრეზიდენტმა საკუთარი რეპუტაციით გარისკოს და გაამართლოს პოლიციელებზე თავდასხმა, ან პოლიციელებზე ახლა უკვე გაკეთებული საკმაოდ ცინიკური განცხადებები. არ მგონია, მათ შორის, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე მან ასეთი ნაბიჯი გადადგას.

უამრავი წყარო არსებობს, რომელიც გვამცნობს ზუსტ ინფორმაციას ციხეებში არსებულ ვითარებაზე და ამის მიხედვით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ ვამბობ, ციხეებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ამ ბატონის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღწერილი. რაც შეეხება დამაჯერებლობას, იმ ფონზე, რაც საკუთარი განცხადებების სხვა ნაწილებში აკეთა ამ კაცმა, არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ ეს დამაჯერებელი განცხადებებია, მას აქვს უბრალოდ დაუოკებელი სურვილი ხელისუფლებისთვის ჩირქის მოცხებისა. თუ ის „მოლოტოვის კოქტეილით: პოლიციელისთვის სიცოცხლის მოსპობის საფრთხის შექმნას ამართლებს და ცინიკური დამოკიდებულების გამოვლენასაც ბედავს, ამის შემდეგ მისი განცხადება, რომ ციხეებში ანტისანიტარიაა, მგონი არავისთვის მაინც და მაინც დიდად საყურადღებოდ არ გამოიყურება,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს. წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“. გრიგორიადისი წერილში საპატიმროში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს. „საშინელებაა, რაც აქ ხდება, სრული უპასუხისმგებლობა, კადრების ნაკლებობაც არის, დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული პროდუქტით დამზადებული საკვები, გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული….,”- აცხადებს გრიგორიადისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები