დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის ცვლილება და დახვეწა. კერძოდ, უქმდება „მაუწყებლობის შესახებ” კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით დაფინანსებას ითვალისწინებს.
„2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება გამოითვლება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით. ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაფინანსების რაოდენობა შარშან განისაზღვრა 82 მლნ ლარით, ეს რიცხვი გაიყო წინა წელს დასაქმებულთა რაოდენობაზე, საიდანაც კოეფიციენტი გამოვიდა 64. შესაბამისად, 2026 წლიდან სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოცხადებული დასაქმებულთა რაოდენობა გამრავლდება 64-ზე და მიღებული თანხით დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი”, – განაცხადა მომხსენებელმა.
რაც შეეხება კანონის ამოქმედების ვადას, პაატა კვიჟინაძის თქმით, 2024 და 2025 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დარჩება წლევანდელი დაფინანასება – 101 მლნ ლარის ოდენობით, რომ მაუწყებელმა შეძლოს ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება და აღჭურვა.
ასევე აღინიშნა, რომ პროექტის მიხედვით, თუ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, მოიმატებს ტელევიზიის დაფინანსების თანხაც, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობის კლების შემთხვევაში მაუწყებლის დაფინანსება დარჩება იგივე.
კანონპროექტიდან გამომდინარე ასევე ცვლილება შედის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში”.
განხილულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.