ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე საზედამხედველო ანგარიშზე მუშაობს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე საზედამხედველო ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებით, 9-11 დეკემბერს, ბორჯომში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ხელმძღვანელობდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

საზედამხედველო ანგარიში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს გააანალიზებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებიდან ყველაზე კომპლექსურია. ამდენად, მისი სისტემური მონიტორინგი, შეფასება და არსებულ პრობლემებზე ადრეული რეაგირება პროგრამის ხარჯთეფექტურობისა და შედეგიანობისთვის უმნიშვნელოვანესია.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საჯარო სექტორში წლიურად გაწეული ხარჯების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და უდავოდ საჭიროებს მონიტორინგს. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, სისტემური მონიტორინგი იძლევა საშუალებას, რომ ყველაზე ინფორმირებული შეფასება განვახორციელოთ, სწორედ ეს დაეხმარება საქართველოს მთავრობას დანახარჯების შემცირებაში”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე საზედამხედველო ანგარიში მომავალი წლის დასაწყისში გამოქვეყნდება, კომიტეტის რეკომენდაციები აღმასრულებელ ხელისუფლებას წარედგინება.

ანგარიში მზადდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები