საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა.

კერძოდ ესენია: „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება (საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა), „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)” და „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)”.

დოკუმენტები ძირითადად საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის და კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამებს ეხება. საკითხი კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

პროექტები უკავშირდება ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი არხების რეაბილიტაციას.

მომხსენებლის ინფორმაციით, ჩარჩო შეთანხმება საქართველოსთვის ჯამში 70 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება – ერთი არის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი, მეორე კი – ინფრასტრუქტურის კომპონენტი.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკთან ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული, ერთი ბიუჯეტის მხარდამჭერი პროექტი – 14 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო მეორე უკავშირდება ქვემო სამგორის რეაბილიტაციას, კრედიტის ოდენობა 30,8 მლნ ევროა. ბიუჯეტის მხარდაჭერის შემთხვევაში სესხის ხანგრძლივობა არის 15 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი არის სამი წელი, რაც შეეხება საინვესტიციო კრედიტს, ეს არის 25-წლიანი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდია 5 წელი.

საინვესტიციო პროექტი (ინფრასტრუქტურის კომპონენტი) მოიცავს: საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას.

კომიტეტმა ასევე განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)” N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება”, რომლის შესახებაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ ისაუბრა.

სასესხო შეთანხმების თანახმად, რომელსაც 2019 წელს მოეწერა ხელი, გამოყოფილი რესურსით – 13,55 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით, ძირითადად ფინანსდება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, სოციალური და გარემოსდაცვითი გარემოებების დეტალური შესწავლა, საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სხვა.

შესაბამისად, აღნიშნულის განმახორციელებელი უწყებებია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო შემსრულებელი უწყებებია მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისის განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილების წერილი-შეთანხმებით გათვალისწინებულია სასესხო შეთანხმების ცვლილება, რაც გულისხმობს განმახორციელებელ უწყებებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო შემსრულებელი უწყებებად სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დამატებას. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სესხის დახურვის თარიღის გაგრძელება 2025 წლის 30 დეკემბრამდე, ნაცვლად 2023 წლის დეკემბრისა.

კომიტეტმა ყველა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები