მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან ბევრი ქვეყანა ხმამაღლა აცხადებს, რომ გასულ წელს დაშვებული შეცდომა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და საქართველოს უნდა ჰქონდეს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი
ძალიან ბევრი ქვეყანა ხმამაღლა აცხადებს, რომ გასულ წელს დაშვებული შეცდომა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს საქართველოსთან მიმართებით და საქართველოს უნდა ჰქონდეს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება იმ ნაწილს, რაც მთლიან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გვესმის, რომელიც უკავშირდება გაფართოებას და იქ არ არის საქართველო მხოლოდ, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი და იმედი მაქვს, როდესაც შეიკრიბებიან ლიდერები, კონსენსუსს მიაღწევენ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე კვირის ბოლომდე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილება ცნობილი გახდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროპული საბჭოს სხდომა 14 დეკემბერს დაიწყება. საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციას მხარი 27-მა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.