შალვა პაპუაშვილი: შს სამინისტროს რუსეთიდან კატარღების შესყიდვა არ განუხორციელებია
“შს სამინისტროს რუსეთიდან კატარღების არანაირი შესყიდვა არ განუხორციელებია, ეს არის დეზინფორმაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ რეპორტაჟზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ ხდება ქვეყნის იმიჯის შელახვა.
„ერთადერთი კითხვა რაც უნდა დაისვას არის – რატომ ცდილობს „ლელო“ და მისი პარტიული ტელევიზია „ტვ პირველი“ საქართველოს რეპუტაციის შელახვას, რატომ ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ? რა თქმა უნდა ეს დეზინფორმაციაა, შს სამინისტროს რუსეთიდან არანაირი შესყიდვა კატარღების არ განუხორციელებია. შს სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ, რომელიც ამერიკული კომპანიის წარმომადგენელია საქართველოში. მე ის მიკვირს, რად უღირს “ლელოს”, რომ ის ასე ამუშავებს თავის მედიას, რომ საქართველოს დაარტყას ყოველ დღე, ეს ხომ შორსაა პატრიოტიზმისგან. როდესაც ასეთი სიუჟეტების დაკვეთა ხდება, რომ როგორმე დააზიანონ საქართველოს რეპუტაცია, შეარყიონ ჩვენი უსაფრთხოების სისტემები, როდესაც გავლენ ქუჩაში, ეს კითხვები დაისმება, რატომ ესხმიან თავს საქართველოს სახელმწიფოს. ამიტომაც ქართველი ხალხი არასდროს მისცემს ხელისუფლების მანდატს იმ ძალას, რომელიც არა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ერთგულია, რამედ სხვა სახელმწიფოების, ხალხების, ორგანიზაციების და ჯგუფების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.