შალვა პაპუაშვილი: 2012 წლამდე სტრასბურგში ძირითადი საჩივრები მიდიოდა ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, 2012 წლის შემდეგ ამ საკითხზე ევროსასამართლოში არცერთი საჩივარი არ შესულა
“სახალხო დამცველი არის უპირველყოვლისა პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც პარლამენტთან თანამშრომლობით აკვირდება ადამიანის უფლებების მდგომარეობას, ამიტომ როდესაც არის სახალხო დამცველისგან მოსაზრებები, ეს ჩვენთვის ყურადსაღებია და ყველა საკითხს ვეძიებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 2012 წლამდე სტრასბურგში ძირითადი საჩივრები მიდიოდა ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, 2012 წლის შემდეგ ამ საკითხზე ევროსასამართლოში არცერთი საჩივარი არ შესულა.
„რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, ყველას შევახსენებ, 2012 წლამდე ადამიანი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ძირითადი საჩივრები სტრასბურგში მიდიოდა სწორედ ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 2012 წლიდან არცერთი საჩივარი არ შესულა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც ციხეებს ეხება, ეს მეტყველებს იმაზე, რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა პენიტენციურ დაწესებულებებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.