„უმრავლესობამ და უმცირესობამ რომ ითანამშრომლონ, სწორი ხელმძღვანელობა და მაგალითებია საჭირო“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე ნიდერლანდების სენატის თავმჯდომარესთან, ანკე ბროკერს-კნოლთან ერთად, თემაზე „უმრავლესობა და ოპოზიცია – ბალანსის დამყარება დემოკრატიაში“ პრეზენტაცია წარადგინა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, იმისათვის, რომ უმრავლესობამ და უმცირესობამ ითანამშრომლონ, სწორი ხელმძღვანელობა და მაგალითებია საჭირო.
„ორივე – უმრავლესობაც და ოპოზიციაც ადამიანებისგან შედგება. მნიშვნელოვანია, სწორი ხელმძღვანელობა და სწორი მაგალითების დემონსტრირება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები. სპიკერის მოვალეობა ასე შეიძლება აღიწეროს – ბალანსის მიღწევა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ქვეყანაში. მჯერა, რომ თუ ჩვენ სამუშაოს შესაბამის დონეზე შევასრულებთ, ხელს შევუწყობთ იმ პრობლებიდან გამოსავლის მოძებნას, რომელიც არა მხოლოდ ჩემს ქვეყანაში, არამედ განვითარებულ საზოგადობებშიც პრობლემად რჩება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.