ნათია თურნავა: 2023 წელს ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე დასტაბილურდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„დაბალი ინფლაცია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე შემცირებული ინფლაციური მოლოდინებისა და ადგილობრივი ინფლაციის კლების შედეგია. ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლარის კურსის გამყარებამ, საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტული ინფლაციის კლებას და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის შემცირების პროცესში დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ფისკალური კონსოლიდაციისკენ მიმართულმა პოლიტიკამ და ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერებისკენ განხორციელებულმა ღონისძიებებმა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი ინფლაცია 0.1 პროცენტს, ხოლო საბაზო ინფლაცია, 1.8 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მოყოლებული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, რაც ჩვენთვის გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს. ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.

პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები