ცუცქირიძე: “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ფიასკო მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო, ამაზე არათუ მათი ოპონენტები, არამედ პარტიის ყოფილი წევრებიც ღიად საუბრობენ
ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით წერს.
“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ დუღილის ტემპერატურა მატების რეჟიმშია, მაგრამ არა ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციურ ფლანგზე. “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ბოლო ათწლეულის წამყვანი ოპოზიციური ფლანგის პოლიტიკური ფიასკო, მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო. დღეს ამაზე არა თუ მათი ოპონენტები, არამედ ამ პარტიის უკვე ყოფილი ძირძველი წევრებიც ღიად საუბრობენ.
“ნაცმოძრაობის” კრიზისი გუშინ და დღეს არ დაწყებულა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში მათმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურში ,ფაქტობრივად, მოუგო “ქართული ოცნების” კანდიდატს, და სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო მეორე ტურში უკვე მაშინ გამოჩნდა, რომ ეს იყო მათი მაქსიმუმი და პარტიას რაიმე დამატებითი პოტენციური რესურსი უბრალოდ არ გააჩნდა, გამხდარიყო ხელისუფლების ალტერნატივა.
პროცესები რაც შემდგომში განვითარდა ამის შედეგი იყო, რადგან როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციის მქონე ოპოზიციური პარტია, ვერ ახერხებს დამატებითი ელექტორატის მოზიდვას, კრიზისი გარდაუვალია! მუდმივად წამყვან ოპოფლანგზე ვერ იდრეიფებ, მით უმეტეს, როდესაც ისედაც წაგებული გაქვს ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველა დონის- საპარლამენტო იქნება, საპრეზიდენტო, ქალაქის მერის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
პარტიაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებებიც არის დიდწილად ამის გამოძახილი, და ვფიქრობ ურთიერთბრალდებებიც აქედან იღებს სათავეს! პარტია უბრალოდ ვერ განვითარდება რევოლუციურ და რადიკალიზაციის შემცველ მუხტზე, რადგან თავად რევულუციონერული განწყობებიც მოკლევადიან ეფექტზეა აგებული!
ფაქტობრივად, 2020 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ნაციონალურ მოძრაობას” არცერთი სოლიდური ინიციატივა, ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით და წმინდა პოლიტიკურსაც, არ დაუყენებია დღის წესრიგში და არც ოპონირება გაუმართავს ხელისუფლებასთან, გარდა დესტრუქციის სერიული და პერფომანსირებული ქმედებებისა!
მათივე წამყვანი სლოგანი “პრორუსულ და კოლაბორაციონისტურ ხელისუფლებაზე” ვერ გამოდგა ფიგურალურადაც, რომ ვთქვათ- ვერც პურად და ვერც სანახაობად.
ბოლო ნაციონალურ მითი საბოლოოდ მაინც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ირგვლივ დაიმსხვრა და თუ კარგად დავაკვირდებით დაპირისპირების ეს ბოლო აკორდიც სწორედ ამ პროცესის თანხვედრაში ვითარდება!
ჩვენთვის კი გაცილებით საინტერესო უნდა იყოს, არა იმდენად “ნაციონალურ მოძრაობაში ” მიმდინარე დაპირისპირება, არამედ თუ რა განვითარება მოჰყვება ამ ახალ პოლიტრეალობას, და რა კონფიგურაციას მიიღებს “ნაციონალების”, ფაქტობრივად, დაქუცმაცების პროცესში პოლიტიკური ველის ახალი კონსტრუქცია, რადგან გასულ წლებში ამ პარტიის დაშლა თუ გაშლა ახალ მოცემულობად ნაკლებად გამოდგება!”- წერს ცუცქირიძე.