დავით ქართველიშვილი – გიორგი გახარიას განცხადებაზე: როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ – დანაშაულებრივი უნამუსობაა
როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ – დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწად-ნახევარში შეიქმნა? – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: “ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება.”
მისი თქმით, გახარიას წლების განმავლობაში ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა და გაუგებარია, რატომ არავის წაუყენა ბრალი, თუ ფიქრობს, რომ გაზრდილი ეკონომიკა რამდენიმე ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება.
“როგორც მინიმუმ, უხერხულია, როგორც მაქსიმუმ – დანაშაულებრივი უნამუსობაა. ანუ, ეს 20-25 ოჯახი ბოლო ორ წელიწად-ნახევარში შეიქმნა? ასეთი “შექმნილი” ოჯახი მე ერთი ვიცი – კალოშებით ხორცის დახლიდან სოციალურად დაუცველი რომ გაგიმდიდრდათ. მაგრამ მაშინაც შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი გეკავათ, თქვენს კლანს კი – უშიშროების საპასუხისმგებლო პოსტები. ნუ, პრემიერმინისტრის პერიოდს ხომ საერთოდ “არ ვეხები”. დაიჭირეთ ვინმე? ბრალი წაუყენეთ? თუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს “ახლად შეუღლებული” ოჯახებია? შეკითხვა მარტივია: ახლა ცრუობთ, მაშინ გეშინოდათ თუ ამჟამად – ორივე ერთად?” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.