ქართული პოლიტიკური კლასის მთავარი პრობლემა საკუთარ ელექტორატთან ურთიერთობა რჩება – გიორგი ცუცქირიძე

“ქართული პოლიტიკური კლასის მთავარი პრობლემა საკუთარ ელექტორატთან ურთიერთობა რჩება. ოპოზიციის დიდი ნაწილის აშკარად შეთხელებული რეიტინგებიც ამას ადასტურებს”,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“თუ თვალს გადავალებთ ბოლო წლების პოლიტიკურ დინამიკას დავინახავთ, რომ ოპოზიციის წამყვანი სტრატეგია საგარეო მხარდაჭერის პრიორიტეტზე იყო აგებული. აქვე შევნიშნავ, რომ არაფერი უცნაური არ არის იმაში, რომ თანამედროვე პოლიტრეალობაში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას თუ მას აქვს ხელისუფლებაში მოსვლის სერიოზული ამბიცია, საგარეო ვექტორი გამართული უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს არ უნდა იყოს შიდა ვექტორის ხარჯზე.
სამწუხაროდ, ქართულმა ოპოზიციამ დღემდე ვერ გაითავისა ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ საბოლოოდ მას ხმას არჩევნებზე არა უცხოეთი, არამედ ქართული ამომრჩეველი აძლევს. საერთაშორისო მხარადაჭერა მაშინ არის ღირებული თუ ქვეყნის შიგნითაც მზარდი მხარდაჭერით სარგებლობ. ოპოზიციის, ფაქტიურად, ერთადერთი ფუნქცია იყო ხელისუფლებაზე პრესინგი, ოპონირების მაღალი რადიკალიზაციით, არა საკუთარი ელექტორალური ბაზის გასაზრდელად, არამედ უფრო სხვათა საამებლად. ამიტომაც იყო, რომ მათი აქციების უმრავლესობას “დაკვეთის” ელფერი დაჰკრავდა. ეს პოლიტიკური ტაქტიკა მოკლევადიან პერსპექტივაში კიდევ შეიძლება რაიმე შედეგზე გავიდეს, მაგრამ ნაკლებად უფრო გრძელვადიან პერიოდში.
ადამიანებს ელემენტარულად აინტერესებთ თუ რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლების ალტერნატივად და არა საკუთარი სკამებისა და კეთილდღეობისათვის. აქ დამკვიდრებული სტერეოტიპი თითქოსდა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები მოსახლეობას არ აინტერესებს არის თავის მოტყუება და დიდი ტყუილი და ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ცხადად გამოჩნდება.
ამიტომაც ვერ შეძლო ოპოზიციის ვერც ერთმა ფლანგმა ე.წ ნეიტრალური ამომრჩევლის თავისკენ მოზიდვა, რომლის რაოდენობა საკმაოდ დიდია და სადღაც საერთო ამომრჩევლის 40-45 %-ში მერყეობს.
ის რაც დღეს “ნაცმოძრაობაში” და ზოგადად ოპოზიციურ ველზე ხდება მოსალოდნელიც იყო, ბოლო პერიოდში შიდა დაპირისპირების და არათანამიმდევრული განცხადებების გაგრძელებულ პერიპეტიებს ვგულისხმობ, დიდწილად ამ მცდარი პოლიტიკური დათქმების შედეგია.
ამიტომაც არ გამოდის რებრენდინგი, ახალი სახეებით, იდეებით თუ შეთავაზებებით.
ერთადერთი რაც თვალში საცემია ეს ნამდვილად არის საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მომატებული აქტივობა, საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრების სერიით თუ რეგიონებში გასვლით. ვფიქრობ, პოლიტიკურად ის ცდილობს ერთის მხრივ აჩვენოს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა და მეორე, რასაც ნაკლები ყურადღება ექცევა – საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრებით ხაზს უსვამს დეპოლარიზაციის მნიშვნელობას, რაც უკვე წმინდა საგარეო ვექტორზეა გათვლილი.
არა მგონია მისი ასეთი აქტივობა შემთხვევითი ან დროებითი იყოს, და დეკემბერში ევროკავშორში კანდიდატის სტატუსის საბოლოო გადაწყვეტამდე იყოს გათვლილი.
ნამდვილად არის ლოგიკა გამოთქმულ თვალსაზრისში, რომ ის სერიოზულად ამზადებდეს ახალ პოლიტიკურ პლათფორმას წინასაარჩევნოდ და თუ ამ ვერსიას მივყვებით პერსპექტივაც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე აქვს გათვლილი.
ყველაზე სერიოზულ აქტიორად კი წინასაარჩევნოდ ისევ მოქმედი ხელისუფლება რჩება. ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები საშინაო და საგარეო ვექტორების დაბალანსებისკენ არის მიმართული. რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, გაუმჯობესებული მაკრო ეკონომიკური ინდიკატორები და მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების პრიორიტეტით, ელექტორალური თვალსაზრისითაც არის საინტერესო.
ხელისუფლების უდაო აქტივშია, ეკონომიკური პარამეტრები თუნდაც ბოლო 3 წლის პოსტკრიზისულ პერიოდში. თუ 2020 კოივიდ პანდემიური შოკისას მთლიანი შიდა პროდუქტი 49, 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ამ წლის ბოლოს პროგნოზით 80 მილიარდ ლარს მიაღწევს ანუ ზრდა 63 %-ია, ხოლო ბიუჯეტის შემოსავლები 2019 წინ აკრიზისულ პერიოდთან შედარებიტ გაზრდილია 10.7 მილიარდი ლარიდან 25 მილიარდ ლარამდე ანუ გაორმაგებულია. რაც მთავარია გაზრდილმა ბიუჯეტმა მოიტანა გაზრდილი პენსიები, ხელფასები და სოციალური პროგრამების დაფინანსება. ამასთან, უახლოეს წლებში 2024-2027 წლების მიხედვით ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაში ერთ-ერთინ ყველაზე მაღალი ზრდა საშუალოდ 5 %-ის ფარგლებში და ისიც სავალუტო ფონდის მიერ დათვლილი ყველაზე კონსერვატორული სცენარით!
თუ ამ ციფრებს წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან ერთობლიობაში, ხელისუფლებას ოპოზიციასთან შედარებით აქვს სერიოზული წინასაარჩევნო ჰანდიკაპიც და ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს ჰანდიკაპი გაანიავოს! დანარჩენს კი მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები