“როგორ შეიძლება, ეუთოს მინისტერიალი დემარშისთვის ყოფილიყო გამოყენებული” – მიხეილ სარჯველაძე

„როგორ შეიძლება, ეს დემარშისთვის ყოფილიყო გამოყენებული ნაცვლად იმისა, რომ სათქმელი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრწყინვალედ თქვა ოკუპაციასთან დაკავშირებით, გაჟღერებულიყო. რატომ არ უნდა გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“.

სარჯველაძე ეუთოს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

„ქვეყნის მიერ არჩეული სტრატეგია დეოკუპაციასთან დაკავშირებით არის ყველასთან თანამშრომლობას. ეს გულისხმობს არა საომარი ხერხებით, მაგრამ ყველა დიპლომატიური საშუალებით ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა. ამას ემხრობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი ფუნქციურად მნიშვნელოვანი საშუალება როგორიც არის ეს ორგანიზაცია [ეუთო] და მის მიერ ჩატარებული მინისტერიალი, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. სად უნდა წარვმართოთ დიპლომატია, თუ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე არ დავესწრებით, რადგან სადღაც რომელიმე თანამდებობის პირი მონაწილეობს რუსეთის ფედერაციიდან. სად, თუ არა იგივე ეუთოში, თუ არა ევროკავშირის შესაბამის ფორმატებში, რომელიც შეიძლება იძლეოდეს ასეთ შესაძლებლობას. არ შეიძლება ავყვეთ ემოციებს და არ გავითვალისწინოთ ის პრაგმატული საჭიროებები, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. არ შეიძლება, რომ მხოლოდ ემოციურად ვუდგებოდეთ ამ საკითხებს, თუმცა რასაკვირველია იქ [მინისტერიალზე] იყო საშუალება, რომ ემოციურად გაწონასწორებულიც ყოფილიყო განცხადებები, რომელიც გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სწორედ ამისთვის ეს იყო წარმატებული შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ ყველაფერი, რაც სათქმელი იყო, იქ თქმულიყო. როგორ შეიძლება ეს დემარშისთვის ყოფილიყო გამოყენებული ნაცვლად იმისა, რომ სათქმელი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრწყინვალედ თქვა ოკუპაციასთან დაკავშირებით, გაჟღერებულიყო. რატომ არ უნდა გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, ჩემთვის გაუგებარია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები