“ოპოზიცია კვლავ ერთგულია მის მიერ არჩეული ცუდი ტაქტიკისა, რომ ხელისუფლებას მიაკრან არასწორი იარლიყები” – მიხეილ სარჯველაძე
“დამახინჯებული რეალობით ტირაჟირება გახდა მთავარი ინსტრუმენტი ოპოზიციის ხელში და სამწუხაროდ, ამას აჰყვა სალომე ზურაბიშვილიც”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს პროცესი 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული, წლევანდელი წლის 8 ნოემბრამდე. მუდმივად, გაუთავებლად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო ჩამორჩენილი ქვეყანაა ასოცირებულ ტრიოში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადების გაკეთების არავითარი საფუძველი ობიექტურად არავის გააჩნდა. დღეს თვითონ ევროპა ამბობს, რომ დიახ, შარშან დაუშვეს შეცდომა იმიტომ, რომ მალევე გამოქვეყნდა შეფასებები ცალკეული სახელმწიფოების შეფასების შესახებ და ყველამ ნახა ის, რომ ნებისმიერი მიმართულებით, საქართველოს ბევრად შთამბეჭდავი მაჩვენებლები ჰქონდა, ვიდრე მოლდოვასა და უკრაინას.
ჩვენ არ გვაქვს არც შეჯიბრების სურვილი, მაგრამ ამ გამონათების მიზნით გაკეთებულ გაცხადებებს, თითქოს საქართველო ჩამორჩენილი სახელმწიფოა, კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით. ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას არაფერი აქვს დასაყვედრებელი, წამოსაძახებელი. ამიტომ როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამახინჯებული რეალობით ტირაჟირება გახდა მთავარი ინსტრუმენტი ოპოზიციის ხელში და სამწუხაროდ, ამას აჰყვა სალომე ზურაბიშვილიც. ახლა, როდესაც ველოდებით 15 დეკემბერს, ოპოზიცია კვლავ ერთგულია მის მიერ არჩეული ცუდი ტაქტიკისა, რომ ხელისუფლებას მიაკრან არასწორი იარლიყები. სამწუხარო რეალობაა ასეთი ოპოზიციის ყოლა, მაგრამ ასეა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.