გაჩიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცის წამებაზე სესიაშვილი ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გაჩიანის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ჯარისკაცების წამების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. ამის შესახებ სესიაშვილმა დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენცაზე განაცხადა. „კვირას“ ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ბრალდებული გიორგი კერესელიძე, ლოგისტიკის დეპარტამენტის სარდლად რჩება.
გიორგი კერესელიძის სახელი ერთ-ერთ სკანდალურ საქმეს უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მან გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანის სამხედრო მოსამსახურეები უჩვეულო გზით „დასაჯა“. სარდალი ავტობატალიონში მძღოლების მიერ საწვავის გადახარჯვამ ისე გააღიზიანა, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
სესიაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკაში ჩარევის უფლება საპარლამენტო კომიტეტს არ აქვს და დარჩება თუ არა თანამდებობაზე გიორგი კეკელიძე მხოლოდ მინისტრ ალასანიას გადასაწყვეტია:
„იყო შემთხვევები, როდესაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და თავდაცვის სამინისტროს მოუწია მათი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირები სამსახურს მანამ აგრძელებენ, სანამ სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ჩვენი კომიტეტის საქმეა პოლიტიკის განსაზღვრა. საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კომიტეტს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია“.
გაჩიანის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით „კვირა“ ჯერ კიდევ აპრილში წერდა. „კვირას“ ინფორმაციით, ირაკლი ალასანიას ყოფილი მძღოლი კახაბერ ჩიხრაძე პირდაპირ არის გარეული გაჩიანის ბაზაზე მომხდარი ფაქტის „ჩაფარცხვაში“. საქმეში 50-მდე დაზარალებული არსებობდა, რომელიც ხელს ადებდა კერესელიძეს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, თუმცა დაზარალებულთა ნაწილი არსებული ინფორმაციით დააშინეს, ნაწილი გადაიბირეს, ნაწილი კი მოისყიდეს. ჩიხრაძის მხრიდან კერესელიძის მიმართ ასეთი თანადგომა, „კვირას“ ინფორმაციით, პირადი ურთიერთობებით იყო განპირობებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და კახა ჩიხრაძე გიორგი კერესელიძის ბავშვის ნათლიები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები