სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, კაკლისა და ნუშის გამმუშავებელი საწარმო შეიქმნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში – რობინ დანიგანმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ალადაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სახელმწიფოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი, კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომელიც, საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის დარგში კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოგვიტანს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი საწარმო არის კერძო და საჯარო სექტორის, ასევე usaid-ის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი, რაც მიემართება ადგილობრივი ფერმერების გაძლიერების, სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებისაკენ.
შპს ,Nuts Processing-მა საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია; კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. საწარმოს წარმადობა 600 ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შიდა ბაზარზე ხორციელდება, იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
აღსანიშნავია, რომ გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი 15 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსება 7.1 მლნ ლარს აღემატება.