ილია მეორე თურქეთში ქართული ტაძრებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითხოვს
საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის სამმართველოს თავმჯდომარე მეჰმედ გორმეზი იმყოფება. მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებს, ასევე მეჰმედ გორმეზმა ქობულეთში 10 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის დროსაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მუსლიმური პანსიონის შენობის კარზე დაკლული ღორის თავი დაამაგრა.
საუბარი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასაც შეეხო.
საქართველოს პატრიარქის თქმით კი, თურქეთში არსებულ ქართულ ტაძრებში სასურველი იქნება ქართველმა ბერებმა მღვდელმსახურება შეძლონ.
“საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და სამწუხაროა, რომ არც ერთი ქართული სალოცავი თურქეთში არ არის. ამის გამოსწორება საჭიროა. ისეთი ისტორიული ქართული ძეგლები, როგორიც არის არდაშენი, ოშკი, ხახული, იშხანი, ხანძთა, ოთხთა – ეს არის ცნობილი დიდი სამონასტრო ქართული კერები. იქ დღეს ქართველები ჩადიან, იქნებ იყოს საშუალება, იქ იმოღვაწონ ქართველმა ბერებმა და აღდგეს ქართულად მსახურება. მრავალი ქართველი ტურისტი ჩადის თურქეთში, ისინი ითხოვენ ლოცვას ქართულ ენაზე. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქართულ ეკლესიას თურქეთში არ გააჩნია იურიდიული სტატუსი. თურქეთში ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, ბერძნულს, სომხურს, რუსულს აქვს იურიდიული სტატუსი, ქართულს კი – არა“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.