ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმი მოსახლეობა აქციას მართავს
ამ წუთებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმი მოსახლეობა აქციას მართავს.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით, ისინი, 10 სექტემბერს ქობულეთში მუსლიმთა პანსიონში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ.
ადიგენის მუსლიმი მოსახლეობა მიმდინარე მოვლენებში სახელმწიფოს ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის საქმე სათანადოდ ვერ გამოიძია და სწორედ ამიტომ ხდება მსგავსი ფაქტები.
აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს არათანაბრად უყურებს.
ადგილზე იმყოფება სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისაგან სოფელ მოხეში მდებარე მეჩეთის აღდგენა–რეაბილიტაციას მოითხოვს.
სოფელ მოხის ცენტრში ამ დროისათვის 70–მდე ადგილობრივი და მიმდებარე სოფლების მუსლიმი მოსახლეობაა შეკრებილი.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუსლიმთა სასულიერო სასწავლებელთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლეთან ღორი დაკლეს და მისი თავი კარზე დაკიდეს. ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფმა პროტესტის ნიშნად ქუჩაც გადაკეტეს.
აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებად შეფასდა და მკაცრად დაიგმო. ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს.