“ვეჭვობ, რომ კარლ ბილდტის შემთხვევაში საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს“

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტთან დაკავშირებით საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან პორტალ „კვირა“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის დიდი ხანია საქართველოს წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში ბილდტის ტენდენციური დასკვნები ცნობილია. დეპუტატი ეჭვობს რომ კარლ ბილდტის შემთხვევაში საქმე პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს. „კარლ ბილდტის მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. ჩემთვის აშკარა იყო მისი არაობიექტური, ტენდენციური დასკვნები, თანაც ეს ყველაფერი მისი მხრიდან გაკეთდა ძალიან ხისტად, სასამართლო ხელისუფლების შეურაცჰყოფის ფონზე. დღეს, როდესაც დოკუმენტები გამოქვეყნდა, ვეჭვობ რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან. როგორც გაირკვა, მაშინდელ ხელისუფლებას მისთვის 4 მილიონამდე ლარს აქვს გადარიცხული. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 11 ჯერ იყო საქართველოში, რაც ვფიქრობ რომ მხოლოდ სახელმწიფო ურთიერთობებს სცილდება. ალბათ არსებობდა სხვა უფრო ვიწრო ინტერესი, რაც გარკვეულ ფაქტებთან მიმართებაში ეჭვებს აჩენს“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შვედურმა მედიამ გაავრცელა საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი ვადაზე ადრე გაწვევა თბილისიდან, კარლ ბილდტის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. კერძოდ, ელჩის განმარტებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ მან უწყებას მიაწოდა დასკვნა საქართველოში 2008 წელს არჩევნების არც თუ დემოკრატიულად ჩატარების შესახებ. ელჩის კრიტიკული დასკვნა კი ეწინააღდმეგებოდა კარლ ბილდტის განცხადებებს, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ, რაც მისი გაწვევის მიზეზი გახდა. ასევე, გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, კარლ ბილდტმა სააკაშვილის მთავრობა PR-სააგენტო Kreab-ის კლიენტი გახადა, რის შემდეგაც იგი პოლიტიკურად მხარს უჭერდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ერთი წლის განმავლობაში რეჟიმმა კომპანია Kreab-ს ჯამში 20 მილიონი კრონი გადაურიცხა. Kreab-მა სააკაშვილის მთავრობასთან კონტრაქტი 2006 წელს გააფორმა. კლიენტის მოძებნაზე კი პასუხისმგებელი Kreab-ის მაშინდელი თავმჯდომარე კარლ ბილდტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები