მამუკა მდინარაძე – არახამიას განცხადებაზე: ეს არის ახალი, მყარი, უტყუარი მტკიცებულება იმისა, რას გადარჩა ეს ქვეყანა ბოლო 2 წლის განმავლობაში
ქვეყანა რას ასცდა და რა გადაიტანა, არახამიას განცხადება ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მიჩვეულები ვართ იმას, რომ მოგვიწოდებენ ომისკენ და შემდეგ ამბობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია, ომი საიდან მოიტანეთო. თეთრზე შავს გვეუბნებიან და ეს მივიღეთ მოცემულობად. ამას უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ ეს უკვე არის თავად უკრაინის ხელისუფლებაში და მათ მიერ გახმოვანებული ახალი, მყარი, უტყუარი მტკიცებულება იმისა, რას გადარჩა ეს ქვეყანა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რისი თავიდან არიდება მოგვიწია და მოვახერხეთ კიდეც“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. მისივე თქმით, რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა და უკრაინა ამ პუნქტს არ დათანხმდა.