მიხეილ სარჯველაძემ და ალუდა ღუდუშაურმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური სხვადასხვა უწყებების, ბიზნეს ასოციაციის და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქმედი კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრირებული საწარმო ვალდებულია კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული ვადა იწურება 2024 წლის 1-ელ იანვარს.
„ვინაიდან კანონის გარდამავალი ნორმით დადგენილი ზემოაღნიშნული ვადა იწურება, შესწავლილი იქნა იმავე ნორმით საწარმოების მიმართ დაწესებული ვალდებულების შესრულების მდგომარეობა.
შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ რეგისტრირებულ საწარმოთა მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს უზრუნველყოფილი თავისი სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
აღნიშნული პრობლემების და მასთან დაკავშირებულ საკითხების გადაჭრის მიზნით მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებისთვის შესაძლებლობის მიცემას, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები კანონის მოთხოვნებთან. ამისთვის გონივრულ ვადად მიჩნეული იქნა 1 წელი, რაც საკმარისი იქნება რეალურად მსურველი ყველა საწარმოსთვის, შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, კანონით რეგულირებულ სექტორებს ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესახებ და მიიღონ პასუხები საინტერესო საკითხებზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.