საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გოგი მეშველიანის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის, განახლებული განაკვეთი განისაზღვრება, რის შედეგადაც გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.

„ქვიშა-ხრეშის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი განისაზღვრება 0,6 ლარით, რაც საგრძნობლად გაზრდის ამ რესურსით მოსარგებლეთა მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობას”,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მისი ინფორმაციით, კვლევებზე დაყრდნობით, პარალელურად არ არის მოსალოდნელი ქვიშა-ხრეშზე მოთხოვნის შემცირება და, შესაბამისად, მოსაკრებლის ზრდის მიუხედავად, მოპოვების ინტენსიურობის მიმართულებით, მოსალოდნელია პოზიტიური დინამიკა.

მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება. 2022 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ჯამურად მიღებული 4 196 640 ლარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტები ჯამურად შეძლებენ დაახლოებით 12 500 000 ლარის მიღებას ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლებისგან.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს, თუ ბაზარზე ქვიშა-ხრეშის მზარდი მოთხოვნა იქნება. მისივე თქმით, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორის მზარდი ტენდენციები ამ მოლოდინს ამყარებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები