საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებაზე იმსჯელა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა გააცნო.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია გადასახადების ადმინისტრირების საკითხებში ცალკეული პრობლემის გადაჭრის, სასაქონლო კოდებისა და საქონლის დასახელებების „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზირებული სისტემის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
ერთ-ერთი ცვლილებით ზუსტდება, რომ საურავის დარიცხვა, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, განხორციელდება მხოლოდ რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულ ვადამოსულ გადასახდელ გადასახადის თანხებთან მიმართებით.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოქმედი რეგულაციებით, მეწარმე ფიზიკური პირის მიერ, სხვა პირისათვის გაწეული მომსახურება ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას, მიუხედავად იმისა, რომ პირს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. ამ შემთხვევაში, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონეს პირს უფლება აქვს გადასახადის გადახდის გადაანგარიშების მოთხოვნით წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია, რაც ზრდის როგორც მცირე მეწარმის, ასევე საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციული რესურსის დანახარჯს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტი ადგენს, რომ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება არ გავრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიმართ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.