ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა
ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. კანონპროექტი დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარუდგინა.
„იცვლება სამინისტროების სახელწოდებები, რამაც განაპირობა კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა”,- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.