“ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება 3-4 ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს 2022-2023 წლის სეზონზე იყო” – ივანე ჩხაიძე

“ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება 3-4 ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს 2022-2023 წლის სეზონზე იყო”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები მატებას არ დაიწყებს. როგორც ჩხაიძემ განმარტა, სავარაუდოდ, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს და, აციების კვალდაკვალ, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევებიც მოიმატებს.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ყოველკვირეული ინფორმაცია გვაქვს. “ლუგარის ლაბორატორია” ვირუსების იდენტიფიცირებას აკეთებს და, გარკვეულწილად, დინამიკის შეფასება ძალიან მარტივია. ბოლო კვირა, 47-ე კვირა იმ თვალსაზრისით გამოირჩევა, რომ გრიპის ვირუსი აღარ არის. ვგულისხმობ იმას, რომ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის წამყვანი არც გრიპი და არც კორონავირუსი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც, ძირითადად, გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ბოლო კვირა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსების სიჭარბით გამოირჩეოდა, განსხვავებით წინა 2 კვირისგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა და 2 კვირის წინ დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსის ხვედრითი წილი 3 % იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი, გარკვეულწილად, 2022-2023 წლის სეზონისგან განსხვავდება, პირველ ყოვლისა, იმით, რომ გრიპის ვირუსის შემთხვევები ძალიან ცოტაა. მარტივი რიცხვი შემიძლია, მოვიყვანო: ახლა ინციდენტობა, ანუ 100 000 მოსახლეზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირას 12 000 იყო, ანალოგიურ პერიოდში, 1 წლით ადრე შემთხვევების რაოდენობა 47 000-ს აღწევდა. ანუ ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება 3-4 ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს 2022-2023 წლის სეზონზე იყო. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები მატებას არ დაიწყებს. სავარაუდოდ, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს და, ალბათ, აციების კვალდაკვალ, რაც საქართველოში ამ დღეების მანძილზეა მოსალოდნელი, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევებიც მოიმატებს. დეკემბერ – იანვარში, ისევე – როგორც სტატისტიკის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვქონდა, გრიპის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა იქნება და შემთხვევების მაქსიმუმს, ალბათ, სწორედ ამ პერიოდში: დეკემბერ- იანვარ- თებერვლის განმავლობაში ველოდებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: წლევანდელი სეზონი 3-4-ჯერ ნაკლები გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რიცხვის გამო შარშანდელისგან განსხვავდება”, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები