ნინო ლაცაბიძე – ,,ნაციონალური მოძრაობა” და პარტია ,,საქართველსთვის” ისევ ერთად მოქმედებენ ქალაქის წინააღმდეგ, მოქმედებენ პოლიტიკური დღის წესრიგით

რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც რუსთავის მერიამ, 15 ნოემბერს წარუდგინა საკრებულოს  ,,ნაციონალური მოძრაობის”,  პარტია ,,საქართველოსთვის” და ,,ლელოს”  ერთი  წევრისგან შემდგარმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საკრებულოში წარდგენამდე, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად მოსახლეობას გააცნო. ბიუჯეტის პრიორიტეტებზე რუსთაველებთან ერთად მუშაობა, რუსთავის მერიამ მაისიდან დაიწყო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი აქცენტები, მოსახლეობასთან შეთანხმებით დასახა.
მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტში, სასტარტო ბიუჯეტი, რუსთავისთვის რეკორდული ციფრით -112 753 324 ლარით განისაზღვრა.
რუსთავის საკრებულოში სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა.
საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის წარსადგენად მისულ რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”  საერთოდ არ მოუსმინა, მათ სხდომა დატოვეს და მხოლოდ კენჭისყრის დროს, ბიუჯეტის დაწუნებისთვის ხელის ასაწევად დაბრუნდნენ დარბაზში.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას ერთხმად დაეთანხმნენ პარტია ,,საქართველოსთვის” სამკაციანი ფრაქცია, რომლის წევრიცაა საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია და ,,პარტია ,,ლელოს” ერთი წარმომადგენელი.
 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა ფრაქცია ,,ქართული ოცნების” 16-მა წევრმა.
საბოლოოდ, 19 ხმით 16-ის წინააღმდეგ, კონკრეტული და არგუმენტირებული მიზეზების წარდგენის გარეშე, რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რუსთავის საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო.
იმის თაობაზე, რომ 2024 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ, ოპოზიციურმა პარტიებმა,  კომისიური წესით განხილვაზევე განაცხადეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი მისთვის მიუღებელი იყო.
,,ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დაუჭერთ, ეს არ არის სწორი ბიუჯეტი საკრებულოსთან მიმართებაში”, – განაცხადა შეროზიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე და ,,ნაცმოძრაობის” წევრებთან ერთად, პროექტის არმოწონების მიზეზად,  საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, კერძოდ, პრემია- დანამატების,  პრინტერების, ფარდა-ჟალუზების, კომპიუტერული აქსესუარების, მაგიდების, გამათბობლების და თანამშრომელი ქალბატონებისთვის ყვავილების თანხის არდაფინანსება დაასახელა.
,,ჩვენ იმედს ვიტოვებდით, რომ დამატებით კითხვებზე ამომწურავი პასუხებით შევძლებდით და ამ  ადამიანებს  დავარწმუნებდით, რომ   ქალაქის ბიუჯეტის სწრაფად დამტკიცება მნიშვნელოვანია.
 ჩვენ მაქსიმუმი გვაქვს ამ დოკუმენტის ფორმირების პროცესში გაკეთებული. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ბიუჯეტის მობრუნების უფლება, მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მაქსიმუმი, რაც შესაძლებელია ქალაქმა საკუთარი შემოსავლებითა და  თანხების  მობილიზებით ამ ეტაპზე გააკეთოს.  აქ ვერაფერს ვერ შევცვლით,  ისევ იგივე პროექტს გადავაგზავნით.  სწორედ ამ პირობებში, მათ ვთხოვეთ, რომ  დღესვე დაეჭირათ მხარი  ბიუჯეტისთვის, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად არის შედგენილი. მერიის სამსახურები მასზე  მაისის თვიდან ვმუშაობთ.  მიუხედავად იმისა, რომ ერთკვირიანი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა მათთან, დღეს კიდევ მზად ვიყავით შეგვევსო ეს ინფორმაცია და დეტალურად ყველა კითხვაზე ამომწურავად გვეპასუხა.
სამწუხაროდ, დღეს მოხდა იგივე,  რასაც უკვე  ორი წელია ვხედავთ.  ,,ნაციონალური მოძრაობა” და პარტია ,,საქართველოსთვის”, ისევ ერთად  მოქმედებენ ქალაქის წინააღმდეგ, მოქმედებენ პოლიტიკური დღის წესრიგით.
მე მათ ვთხოვე, რომ ქალაქის ინტერესები  პოლიტიკურ დავალებაზე წინ დაეყენებინათ, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და მათ ზუსტად იციან, რაზეც ვსაუბრობთ. დღეს ამის გათვალისწინება არ მოხდა და მხარი არ დაუჭირეს ბიუჯეტს. ნაცმოძრაობამ საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროა,  ეს ალბათ საკრებულოს და იმ ხალხის შეურაცხყოფაა ვინც მათ ხმა და უფლებამოსილება  მისცა, რომ საკრებულოში ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
რუსთავის მერიამ, ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ განხილვისთვის  საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოს.
რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში  51%-ითაა გაზრდილი კორპუსების კეთილმოწყობისთვის განსაზღვრული თანხა, 48 %-ითაა გაზრდილი სოციალური ბიუჯეტი, რომელშიც 5 ახალი პროგრამაა დამატებული, ბიუჯეტი გაზრდილია ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც, უკვე დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და გათვალისწინებულია შიდა საუბნო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ამის მიუხედავად,  რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობისთვის, 25 მილიონით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტის პროექტი,  მაინც მიუღებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები