„თუ რომელიმე ჩვენი ოპონენტი გონს მოვა და გადაწყვეტს, ჩაერთოს იმ აქტივობებში, რასაც ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა ჰქვია, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“აქამდე ჩვენ ვხედავდით იმას, რომ არათუ იგნორირებას უკეთებდნენ სამუშაო ჯგუფებს, მუშაობდნენ კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ – ლობისტებს ქირაობდნენ, მილიონობით დოლარს იხდიდნენ ამაში, დადიოდნენ ბრიუსელსა, თუ ევროპის სხვა ქალაქებში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი საიმისოდ, რომ რამენაირად ჩაეშალათ ეს პროცესი. თუმცა შედგა ეს პროცესი, ღირსეულად გავიარეთ. მყარად, ორ ფეხზე და არა ცალ ფეხზე, როგორც მათ უნდოდათ და მივიღეთ პოზიტიური რეკომენდაცია.
ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. რა თქმა უნდა ბატონი ჰერჩინსკის ამ მოწოდებას ჩართულობის შესახებ, ჩვენ ისედაც ჩართულები ვართ, ისედაც აღმსრულებელ-შემსრულებლები ვართ. თუ ჩვენი ოპონენტებიც დაჰყაბულდებიან ქვეყნისათვის საჭირო რეალურ გეგმას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება. თუმცა ამის პოზიტიური მოლოდინი მე მათგან [ოპოზიციიდან] არ მაქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.