“ეს არის ფასი ევროპული არჩევანისთვის, უკრაინა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიად იქცა” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ევრომაიდანის“ 10 წლისთავი შეაჯამა და თქვა, რომ ყოფილი სსრკ-ს თვითკმარი, ინდუსტრიული, დასახლებული რესპუბლიკიდან უკრაინა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიად იქცა.

ზახაროვას კომენტარი რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მიზანშეწონილია, დავსვათ კითხვა, კონკრეტულად რა მისცა „ევრომაიდანმა“ უკრაინას, ახდა თუ არა მისი „ცისფერი“ ოცნება „ევროპულ ოჯახში“ ინტეგრაციაზე. პასუხი აშკარაა. თვითკმარი, ინდუსტრიული და დასახლებული ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკიდან, უკრაინა გადაიქცა ღარიბ, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიად”, – მიიჩნევს ზახაროვა.

მისი თქმით, უკრაინამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა და მას დასავლელი კოლონიალისტების ინახავენ, რომლებიც მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ.

”სამწუხაროა, რომ ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი, რომელიც ანგლო-საქსების და მათი ინტერესების გამტარებელი კიევის რეჟიმის ტყვეობაში აღმოჩნდა, იძულებულია, იცხოვროს ტირანიის ქვეშ, ფაქტობრივად, კოლონიაში, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული გარე ხელზე,” – დასძინა მან.

ზახაროვას თქმით, ეს არის ფასი „ევროპული არჩევანისთვის, რომლის მიღმა, ფაქტობრივად, იმალებოდა დასავლეთის გათვლა, უკრაინა გადაექცია რუსოფობურ აგრესიულ ნაციონალისტურ სახელმწიფოდ და ის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოეყენებინა, რაც უკრაინას ასიათასობით მისი მოქალაქის ბედის ფასად დაუჯდება. უკრაინელები, რომლებიც 10 წლის წინ “მაიდანზე” გამოვიდნენ, ძნელად წარმოიდგენდნენ, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვებოდა მას”, – აღნიშნა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები