“თქვენ ღელავთ იმიტომ, რომ რთულია ამ მემკვიდრეობის ჩამორეცხვა, რაც თქვენ გაქვთ” – მორიგი დაპირისპირება პარლამენტში
პარლამენტში, სადაც იუსტიციის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს, მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეძახილები იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის იმ განცხადებებს მოჰყვა, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობდა.
რატი ბრეგაძემ თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
“თქვენ ღელავთ და იმიტომ ღელავთ, რომ რთულია ამ მემკვიდრეობის ჩამორეცხვა, რაც თქვენ გაქვთ. არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი არ ყოფილა არცერთი სიტყვა. ძალიან გთხოვთ, ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში. ერთი სიტყვა არ ყოფილა შეურაცხმყოფელი, თქვენი იყო, ქალბატონო ანი, შეურაცხმყოფელი სიტყვები. უბრალოდ, თქვენ ყოველთვის სარგებლობთ ერთი რამით, რომ თქვენი ხმა დარბაზიდან არ ისმის, თუმცა, აქ მედიაც არის, გაიგებდა თქვენს ეპითეტებს. ეს თქვენზე მეტყველებს. მე არ მანაღვლებს, თქვენ ვისზე რა შეფასებას გააკეთებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.