თინა ბოკუჩავა ლევან მგალობლიშვილის ალკოტესტზე შემოწმებას ითხოვს
“მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ლევან მგალობლიშვილს შემოწმება, რათა დადასტურდეს, რომ არღვევს პარლამენტის რეგლამენტს და ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს ქალი დეპუტატების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები „რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ყველაზე უკომპრომისოდ იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე „რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. დღეს ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არც ერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ძალიან კარგად სცოდნია ამ ადამიანს უხამსი, ამორალური პერსონალური თავდასხმის, გინების გამოყენება სხდომათა დარბაზში. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ არღვევს პარლამენტის რეგლამენტს, კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს კოლეგა დეპუტატების წინააღმდეგ, დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ პირადად გია ვოლსკის, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა და მიმართა, რომ ის ტყუილს ამბობდა.